თურქეთის ანტალიაში დასრულებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს საქართველოს წარგზავნილებმა.
ყველაზე პრესტიჟულ 18 წლამდე ასაკის კატეგორიაში 11-დან 8,5 ქულით I-II ადგილები გაინაწილა ევროპის 2009 წლის ვერცხლის პრიზიორმა, საერთაშორისო ოსტატმა ქეთი წაწალაშვილმა.
16- წლიან გოგონებში 11-დან 8,5 ქულით ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა მერი არაბიძემ, მას ნახევარი ქულით ჩამორჩა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა ნაზი პაიკიძემ.
საპრიზო ექვსეულში გავიდნენ:
18 წლამდე - სოფიკო გურამიშვილი
12 წლამდე - ნინო ხომერიკი
25 ნოემბერს სპორტის დეპარტამენტში პრესკონფერენცია გაიმართა, ჟურნალისტებს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, თურქეთში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით გურგენიძე, მწვრთნელები: (გიორგი მაჭარაშვილი, გიორგი ხომერიკი ) და ჩემპიონატის მონაწილეები (ქეთი წაწალაშვილი, სოფიკო გურამიშვილი, ნინო ხომერიკი, გიორგი ნიკოლაშვილი) დაესწრნენ.
გია გიორგაძე: თურქეთში 87 ქვეყნის 1000 -ზე მეტი მოჭადრაკე გამოდიოდა, ამიტომ ქართველი მოჭადრაკეების წარმატება ორმაგად სასიხარულოა. ქეთი წაწალაშვილს უკვე მერამდენედ არ გაუმართლა, წლეულს ევროპის ჩემპიონატიც დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
იმედია, რომ გაისად უკეთესი შედეგები ექნება და როდესაც საქმე დამატებით მაჩვენებლებზე მიდგება, უფრო მაღალი კოეფიციენტები აღმოაჩნდება. კარგად გამოვიდა მერი არაბიძეც და ოქრომდე მასაც ცოტა დააკლდა. ნაზი პაიკიძეს წლეულს მედალი არ ჰქონდა მოპოვებული და სასიამოვნოა, რომ ამის გაკეთება მოახერხა.
შედარებით პატარა ასაკობრივ კატეგორიებში კი გვიჭირს. აქ სამუშაო მართლაც ბევრი გვაქვს, როგორც მწვრთნელებს ისე ფედერაციას.
საერთოდ საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, მედლების ძირითადი რაოდენობა აზიელებმა წაიღეს. ამ მხრივ ევროპელებსაც ცუდი სიტუაცია აქვთ. საერთო ჯამში კი მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგებით კმაყოფილი ვარ".
|